logo
ENG



პოლიციამ მიტინგის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა - უცხოური პრესა დარბევაზე 

26 ნოე 201919:37
3 წუთის საკითხავი
 
3ikvfvbr5q4d6fr.jpg

საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება უცხოური მედია. ბიბისი წერს, რომ ორი კვირაა ათასობით ადამიანი პროპორციული საარჩევნო სისტემის შემოღებას მოითხოვს. სტატიაში ნათქვამია, რომ პარლამენტის შენობასთან მორიგი აქციის დროს დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა და რამდენიმე აქტივისტიც დააპატიმრა. 

ნიუ-იორკ თაიმსი კი წერს, რომ მთავრობის გადადგომისა და ვადამდელი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც პარლამენტმა მმართველი პარტიის მიერ დაპირებული საარჩევნო რეფორმის კანონპროექტი ჩააგდო. სტატიის თანახმად ქართული ოცნების ოპონენტებს აღელვებთ, რომ მოქმედი საარჩევნო სისტემა მმართველ პარტიას არაპროპორციულად ძლიერი წარმომადგენლობის ყოლის საშუალებას აძლევს.

სააგენტო როიტერი კი ხაზს უსვამს, რომ დემონსტრანტებს, რომლებიც პარლამენტის შესასვლელთან იდგნენ, ტერიტორია ძალით დაატოვებინეს. პოლიციამ კი მიტინგის დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა. 

აქციის დაშლის შესახებ წერს დოიჩე ველეც. სტატიაში ნათქვამია, რომ გამთენიისას სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, რომლებმაც პარლამენტის შენობის ნაწილობრივ ბლოკირება სცადეს. ამ გზით მათ სურდათ შენობაში დეპუტატები არ შეეშვათ - წერს დოიჩე ველე. გამოცემა აღნიშნავს, რომ იბრძვიან არამხოლოდ საარჩევნო სისტემის შესაცვლელად, არამედ დემოკრატიისთვის. 

ევრონიუსი კი ხაზს უსვამს, რომ დღეს საქართველოში ყველა ოპოზიციური პარტია ერთად დგას და ხალხთან ერთად მოითხოვს საარჩევნო სისტემის შეცვლას. ავტორი ხაზს უსვამს, რომ აქციები იმართება ლოზუნგით ყველა ერთის წინააღმდეგ და ამ ერთ ადამიანში ისინი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს გულისხმობენ, რომელსაც კრიტიკოსები ქვეყნის კულისებიდან მართვაში ადანაშაულებენ. 

აქტივისტების დაპატიმრებებზე წერს რადიო თავისუფლების ევროპული ბიურო. სტატიაში ნათქვამია, რომ გამთენიისას პოლიციამ პარლამენტთან შეკრებილ დემონსტრანტებს დასაშლელად ნახევარი საათი მისცა, შემდეგ კი დაკავებები დაიწყო. ავტორი აღნიშნავს, რომ ხალხი ქუჩაში მას შემდეგ გამოვიდა, რაც პარლამენტმა საარჩევნო რეფორმა ჩააგდო. დღეს ისინი მთავრობის გადადგომას და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ.


close დახურვა